პროგრამის ERASMUS+ საკონტაქტო სემინარი გაიმართა, რომლის მიზანი იყო საპარტნიორო პროექტების განვითარებისთვის, ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა. სემინარში მონაწილოება მიიღო ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტის 57-მა და საქართველოს 44 უნივერსიტეტის 100-მდე წარმომადგენელმა.
Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნების თანამშრომლობას უმაღლესი განათლების სფეროში.
„ერაზმუს პლიუსის პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ინსტიტუციური თანამშრომლობა, სადაც ჩვენი სტუდენტები მოიპოვებენ გრანტებს ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განსახორციელებლად. ეს სემინარი ემსახურება იმას, რომ მოხდეს თანამშრომლობის გაძლიერება, იმისათვის, რომ გამოვიყენით ის პოტენციალი, რაც ერაზმუს პლიუს პროგრამას და ევროკავშირს გააჩნია უმაღლესი განათლების სექტორში“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ.
2015–2019 წლების მონაცემებით, ერაზმუს პლიუსის პროგრამაში 41 ქართული უნივერსიტეტია ჩართული, განხორციელდა 30 ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტი, გაიცა 110 სამაგისტრო სტიპენდია, 4775 სტიპენდია საქართველოს სტუდენტებისა და პროფესორებისათვის, 2725 სტიპენდია საქართველოში ევროპიდან ჩამოსული სტუდენტების და პროფესორებისათვის.საქართველომ Erasmus+ რეგიონული ბიუჯეტის გარდა დამატებით მოიპოვა 3.5 მილიონი ევრო, რომელიც სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით სასტიპენდიო პროგრამებს მოხმარდება - ეს დამატებით 800-მდე სტიპენდიანტს გულისხმობს.