საქართველოს განათლებს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 4-5 ნოემბერს ტარდება საერთაშორისო ღონისძიება „ინტერკულტურული, ინტერლინგვალური და ინტერმედიალური შემოქმედების როლი კულტურის პოლიტიკის ფორმირებაში - მასტერკლასი: „ვკითხულობთ გივი მარგველაშვილს“.
მასტერკლასი მიმდინარეობს სამი - ინტერკულტურული, ინტერლინგვალური და ინტერმედიალური - მიმართულებით და მისი ერთ-ერთი მთავარი თემაა კულტურის პოლიტიკის გამოწვევები დღევანდელ გლობალურ, მიგრაციულ და ინტერკულტურულ ვითარებაში. თითოეულ მიმართულებას ჰყავს თავისი სპიკერი და ოპონენტი. მასტერკლასი მუშაობს ინტერაქციული რეჟიმით.
მასტერკლასში მონაწილეობენ: ალექსანდრე კარტოზია - თსუ-სა და ფრანკფურტის (ოდერი) ვიადრინას უნივერსიტეტის პროფესორი, მასტერკლასის ხელმძღვანელი; ჰუბერტ კნირშე - გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; ბარბარა ფონ მიუნჰაზენი - გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი; ანილ ბჰატი - დელის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი და კულტუროლოგი; ტილმან ბორშე - ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის პროფესორი; ეკერჰარდ მაასი - მწერალი; რალფ შოკი - პუბლიცისტი, გამომცემელი და რადიოჟურნალისტი, კულტურულ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანი; ელკე-შტურმ-ტრიგონაკისი - საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორი; იორგ ზუნდერმაიერი - გამომცემელი, გამომცემლობის (Verbrecher-Verlag) დამფუძნებელი; კარსტენ განზელი - მაინცის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი და ლიტერატურათმცოდნე; აქსელ ჰააზე - ლიტერატურული აგენტი; ჰელმუტ გლიუკი - ბამბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი; ნაირა გელაშვილი - მწერალი, მთარგმნელი, უფლებადამცველი, „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელი; ლალი ქეცბა - თსუ პროფესორი; ლევან ბრეგაძე - თსუ, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის პროგრამით განხორციელებული კონკურსის „ორიენტირი“ ფარგლებში, რომელიც კულტურისა და ხელოვნების სფეროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის მხარდამჭერები, ასევე, არიან: ჰუმბოლდტის საერთაშორისო ფონდი (გერმანია), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ღონისძიებას ახორციელებს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.