განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე ფოლკლორის ცენტრის დარბაზის გახსნასა და სამი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
ცენტრი 82 წლის წინ დაარსდა და მისი მთავარი მიზანია: ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობის: ხალხური მუსიკის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნებისა და ტრადიციული გალობის შენარჩუნება-განვითარება, ცენტრის არქივის შევსება და გამდიდრება. დღესდღეობით ცენტრის არქივში დაცულია: ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების სანოტო ჩანაწერების დედნები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, გამოჩენილ მეცნიერთა შრომები, ფოლკლორის შემოქმედთა ბიოგრაფიები, ოლიმპიადებისა და ფესტივალების აუდიო-ვიდეო და ფოტომასალები.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძის ინიციატივით, 2015 წლიდან საქართველოს რეგიონებში იხსნება სალოტბარო სკოლები, რომლებშიც ნებისმიერი მსურველი ქართულ ხალხურ მუსიკასა და ტრადიციულ გალობას უფასოდ სწავლობს. საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით 28 სალოტბარო სკოლაში 850 ბავშვი ეუფლება ქართულ სიმღერა-გალობას.
ცენტრმა გამოსცა არაერთი აუდიოალბომი, მეცნიერული ნაშრომი, საგალობლების ანთოლოგია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი მნიშვნელოვანი კომპლექსური ექსპედიცია მოეწყო. დაფუძნდა ორი ყოველწლიური ფესტივალი: ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ (2016) და სალოტბარო სკოლების ფესტივალი - „მომავლის ხმები“ (2019).
ფოლკლორის ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები: ოზურგეთში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით გარემონტდა ფოლკლორის ცენტრის შენობა თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურითა და ადაპტირებული პირობებით. თბილისში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, განახლდა ისტორიული დარბაზი.