საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საჯარო სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„ნება მომეცით, პირველ რიგში სწორედ სკოლებში უსაფრთხოებაზე საუბრით დავიწყოთ - იმაზე, რაც უკვე გაკეთდა, და იმაზეც, კიდევ რა უნდა გაკეთდეს გამოწვევებზე საპასუხოდ, ჩვენი შვილებისთვის სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
2019 წელს დამტკიცდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“. ეს არის საგანმანათლებლო სისტემაში უსაფრთხოებასა და პრევენციაზე ორიენტირებული პირველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მანდატურის სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმს. ამ მექანიზმმა განაპირობა თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახურის, როგორც უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუციის ჩამოაყალიბება.
სამინისტროს მიერ დაწყებულია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ: სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება; ხოლო იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება; ასევე, ფსიქო-სოციალური მომსახურების გაძლიერება; განხორციელდა დამატებით 130 საჯარო სკოლის უზრუნველყოფა მანდატურის სამსახურის მომსახურებით (ჯამში, 588 სკოლა); განახლებული დისტანციური სასწავლო მოდულით გადამზადდნენ მოქმედი მანდატურები; გაიხსნა მანდატურის სამსახურის ახალციხისა და ზუგდიდის ახალი რეგიონული ოფისები; მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია; სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში გაიხსნა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები; შეიქმნა მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს 8 რეგიონული ცენტრი; შეიქმნა სკოლებში კრიზისის დროს მობილური ჯგუფის ოპერირების მექანიზმი;
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან მანდატურთა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; ხელფასი ასევე გაეზარდათ მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც; ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარებს, ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებელი გაუწევს მომსახურებას საფასურის გარეშე და ურიგოდ; შემუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ბულინგის პრევენციის გრძელვადიანი თანმიმდევრული პროგრამა. შემუშავდა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის პროგრამები;“-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.