2019 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი სტუმრად ქალაქ თბილისის 210-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც გაიმართა კოლეჯი „იკაროსის“ სასერტიფიკატო კურსების შემაჯამებელი ღონისძიება თბილისის 210-ე და 153-ე საჯარო სკოლებისთვის.
ღონისძიებამდე მინისტრის მოადგილე გაეცნო პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსების მიმდინარეობის პროცესს და გაესაუბრა ორივე სკოლის მე-10-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც სკოლის შენობაშივე ეუფლებიან კულინარიის, კონდიტერიისა და სერვისების პროფესიებს.
კოლეჯი „იკაროსი“ პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში მისი ამოქმედების დღიდან ჩაერთო და მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვება შესძლო. კოლეჯი საჯარო სკოლებს სთავაზობს როგორც პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო (მე-8-9 კლასის მოსწავლეებისთვის), ასევე სასერტიფიკატო კურსებს (მე-10-12 კლასის მოსწავლეები). 2019 წლამდე კოლეჯმა კულინარიის, კონდიტერიისა და სერვისი-სერვირების მიმართულებით 37 საჯარო სკოლაში 65 საორიენტაციო კურსის განხორციელება დაიწყო. ამათგან, 15 საჯარო სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს, რის გამოც, კოლეჯის მასწავლებელებს ყოველდღიურად უწევთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაადგილება მოსწავლეებამდე პროფესიული განათლების მისატანად.
კოლეჯი საორიენტაციო კურსებს ახორციელებს ასევე საკუთარ ბაზაზეც, სადაც სხვადასხვა პროფესიის გაცნობისა და შესწავლის შესაძლებლობა ახლომდებარე საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქვთ. გარდა აღნიშნულისა, კოლეჯი „იკაროსი“ ახორციელებს სასერტიფიკატო კურსებს მე-10-12 კლასის მოსწავლეებისთვის, მათ შორის თბილისის ორ - 210-ე და 153-ე საჯარო სკოლებში.
პროგრამის ფარგლებში კოლეჯი წაახალისებს მასწავლებლის სტატუსით წარმატებული კურსდათავრებულების ჩართვას, რაც მნიშვნელოვანი მოტივატორია როგორც კურსდამთავრებულებისთვის, ასევე პროფესიული განათლების საზოგადოებისთვის. საგულისხმოა, რომ პროფესიული განათლების განვითარება გულისხმობს სფეროში ახალგაზრდა კადრების შემოდინებას, რაც წარმატებით მიმდინარეობს WSD პროგრამის ფარგლებში.
2019 წელს პროგრამაში კოლეჯის ოპერირების შემაჯამებელი ღონისძიება მინისტრის მოადგილემ გახსნა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების კერების განვითარების საჭიროებაზე თბილისის ისეთ უბნებში, როგორიც არის სოფელი დიღომი და ფონიჭალის დასახლება. თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში არაერთი კოლეჯი ფუნქციონირებს, ქალაქის შემოგარენში მცხოვრები მოსწალეებისა და ახალგაზრდებისთვის საფუძვლიანად არ არის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სერვისები. სწორედ აღნიშნული მიზეზი დაედო საფუძვლად სასერტიფიკატო კურსების განსახორციელებლად 210-ე და 153-ე საჯარო სკოლების შერჩევას.
მისასალმებელ სიტყვაში თამარ ქიტიაშვილმა ისაუბრა პროფესიის არჩევის პროცესში მოსწავლეებისთვის პროგრამის მნიშვნელობაზე, თუმცა დასძინა, რომ პროგრამის მიზანი არა მხოლოდ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფესიის არჩევის პროცესში მოსწავლეებისთვის დახმარების გაწევაა, არამედ პროგრამა მოსწავლეებს საკუთარი თავის შეცნობასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში ეხმარება, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს მათ პიროვნებად ჩამოყლიბებაზე.
მისასალმებელ სიტყვაში კოლეჯის „იკაროს“ ხელმძღვანელმა რუსუდან ჩართოლანმა ისაუბრა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიმართულებით პროგრამის ეფექტურ გავლენებზე და აღნიშნა, რომ პროგრამაში კოლეჯის ჩართვის შემდეგ გაიზარდა სკოლიდან კოლეჯში მომართვიანობა. კერძოდ, განსაკუთრებით დიდია იმ ახალგაზრდების ხვედრითი წილი, რომლებიც პროგრამაში საკუთარი თავის შეცნობის შემდეგ კოლეჯში სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა.
სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების კუთხით პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების დირექტორებმაც. თბილისის 153-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეებისთვის აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობაზე. საუბრისას ნათია ფეიქრიშვილი აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებული საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიმართულებით მსგავსი ინიციატივების ამოქმედება, რაც მოსწავლეებს საკუთარი თავის რეალიზებასა და სოციუმში ინტეგრაციაში ეხმარება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, თამარ ქიტიაშვილმა 210-ე და 153-ე საჯარო სკოლების სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა.