საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) ერთად, პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმები შეიმუშავა. ახალ მოდელს დღეს დაინტერესებული მხარეები გაეცნენ. შემაჯამებელი შეხვედრა, განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში, ელენ ვიხმანმა გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია (2017-2021 წწ.) სწორედ, პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმების საჭიროებაზე მიუთითებს, რამაც თავის მხრივ, მთელი ცხოვრების მანძილზე პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. პროფესიული განათლებისა და გადამზადების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებასთან ერთად, საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულმა დაფინანსების ახალმა მოდელმა ხელი უნდა შეუწყოს დაფინანსების წყაროების გაფართოებას, ფონდების გენერირებას, კერძო სექტორის ჩართულობას, დაფინანსების ეფექტურ განაწილებას ინსტიტუტებს, დისციპლინებსა და პროგრამებს შორის და პროფესიული განათლების ეფექტიან მართვას.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, დაფინანსების ახალი მექანიზმები, საერთაშორისო კარგ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარობას. იგი ერთი მხრივ ორიენტირებულია იმაზე, რომ განვითარდეს პროფესიული სასწავლო დაწესებულებები, დაიხვეწოს სწავლა/სწავლების ხარისხი, კოლეჯები გახდნენ საერთაშორისო სტანდარტზე ორიენტირებულნი, მეორეს მხრივ კი, მოდელი ფოკუსირდება ინდივიდზე, ითვალისწინებს სტუდენტის საჭიროებებს და მას დამატებით სერვისებს სთავაზობს, მათ შორის აღმოფხვრის სწავლის პროცესში უთანასწორობას. მოდელი ასევე გულისხმობს დაწესებულების წარმატების წახალისებასაც კერძოდ, კოლეჯი, რომელსაც აქვს მიღწევები, კარგად ოპერირებს, მასზე დამატებითი დაფინანსება გაიცემა.
დასკვნით ღონისძიებაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ახალი მოდელი, შევთანხმდნენ საბოლოო ვარიანტზე, რომელიც 2021 წლიდან სრულად ჩაეშვება ექსპლუატაციაში.