საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადილემ, თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან, ელგუჯა მელაძესთან და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელთან, დენიელ ჰაასთან ერთად, პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. ღონისძიებას საქართველოს, გერმანიის, აზერბაიჯანის, უკრაინის, სომხეთის ბიზნეს გაერთიანებები და სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია „გამოცდილებათა გაზიარება პროფესიული განათლების სფეროში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და მის მიღმა” ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და გერმანიის ფედერალური სამინისტროს BMZ (SEQUA) მხარდაჭერით ჩატარდა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პროექტის შედეგების, პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევების, მიღწევების და შესაძლებლობების განხილვა.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ასევე, განიხილა პროფესიული განათლების რეფორმის მომდევნო ეტაპები და სამომავლო ინიციატივები.
„განათლების სამინისტროს პრიორიტეტია პროფესიული განათლების რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის კერძო სექტორთან ერთად გაზიარება, რადგან მხოლოდ ერთობლივი დაგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კომპონენტის გასავითარებლად. აღნიშნული პრაქტიკა საქართველოში უკვე არსებობს და ის ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროფესიული გამოცდილებისა და კარიერის მართვის უნარების განვითარებას.” - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
საერთაშორისო კონფერენცია პროექტის „პროფესიული სწავლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ფარგლებში იმართება, რომელსაც ბიზნეს გაერთიანება - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ 2017 წლიდან თავის პარტნიორ გერმანულ ორგანიზაციებთან და გერმანიის ფედერალური სამინისტროსთან BMZ (SEQUA) ერთად ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია პროფესიული განათლების სფეროში ბიზნესის ჩართულობისა და ადგილობრივ შრომის ბაზარზე ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ზრდა. პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ზრდას და პროფესიული განათლების რეფორმაში კერძო ბიზნესის ჩართულობას.