საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
თემურ წიკლაური ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტი, ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი იყო. მან ცნობილ მიუზიკლებში არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო პერსონაჟი შექმნა, მათ შორის: „არწივი“, „მეფე აიეტი“, „გერვასი“ და „ნიკო ფიროსმანი“. მომღერლის რეპერტუარი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს მოიცავდა: გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“ და სხვა.
თემურ წიკლაური იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
2014 წელს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.