აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ნორვეგიის ელჩი ჰელენ ანდრესენი და ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდიც ესწრებოდნენ.
ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური მასწავლებლების მომზადების პროცესში უნივერსიტეტების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში მასწავლებლის პროფესიას აირჩევენ, სწორედ ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნით უნდა იყვნენ აღჭურვილები. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების გათავისებასა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა უფლებების აღნიშნული ცენტრი აჭარის რეგიონში პირველი, ხოლო ქვეყნის მასშტაბით რიგით მეორეა. მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს აჭარაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, უფლებადამცველების, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლებისა და ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ.
ცენტრის დაარსების აღსანიშნავად თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნორვეგიის ელჩმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი უკვე ფუნქციონირებს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები – ტრენინგები, საჯარო ლექციები და დისკუსიები, ასევე, მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებების შესახებ.
გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების კულტურისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის ბავშვთა უფლებების კურსების შემუშავება მომავალი მასწავლებლების, განათლების ადმინისტრატორების, იურისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების მოსამზადებლად.