
დიდი ბრიტანეთის სკოლის დირექტორთა ასოციაციის HMC
(Headmasters’ and Headmistresses’ Conference) პროექტების ჯგუფმა 2012 წლის
ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში პირველი
შესარჩევი კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გამარჯვებული ათი მოსწავლე და ერთი
პედაგოგი, ბრიტანულ სკოლაში ერთწლიანი კურსის გასავლელად, 2013 წლის მაისში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან. გამარჯვებულ
კანდიდატებს შესაბამისი სერტიფიკატები დღეს, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ გადასცა.
HMC
Projects არის წამყვანი დამოუკიდებელი საქველმოქმედო
ორგანიზაცია გაერთიანებულ სამეფოში, რომლის მთავარი მიზანია, საშუალება მისცეს
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან,
ისწავლონ, ასწავლონ და დაამყარონ კონტაქტები თავიანთ ბრიტანელ თანატოლებთან და
კოლეგებთან, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ
ინგლისური ენის ცოდნის დონე და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამ დროისთვის, უკვე 1200-ზე მეტმა კანდიდატმა
მიიღო 100%-იანი სტიპენდია ბრიტანულ სკოლებში ერთწლიანი კურსის გასავლელად.
2012 წელს, HMC პროექტების ჯგუფმა
თანამშრომლობის ხელშეკრულება კომპანია “Unique
Learning”- თან გააფორმა, რომელიც ამ
ორგანიზაციის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში და მისი სახელით აწყობს გაცნობით
შეხვედრებს და ორგანიზებას უწევს პროექტის განხორციელებას.
კომპანია “Unique
Learning” არ მონაწილეობს სტიპენდიანტების შერჩევის
პროცესში. გამარჯვებულ კანდიდატებს ტესტირების, გასაუბრების და მათი აკადემიური
მოსწრების საფუძველზე, HMC -ის წარმომადგენლები
არჩევენ.