ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო გამოყოფს სტიპენდიებს საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, 2017/2018 აკადემიური სასწავლო წლისათვის და ასევე სტიპენდიებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებისთვის.
სასტიპენდიო პროგრამაზე მიიღება იმ სტუდენტთა აპლიკაციები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლების ერთი აკადემიური წელი. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს ყოველთვიურად 500 ევროს, ხოლო დოქტურანტურის სტუდენტებისთვის - 670 ევროს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება 5 თვე და დაფინანსება შეადგენს 300 ევროს თვეში.
ლატვიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური წელი იწყება 1 სექტემბერს და გრძელდება 30 ივნისამდე. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 აპრილი.
ლატვიის მხარის მიერ შემოთავაზებული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს, ასევე, საზაფხულო სკოლასაც (Summer school), სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2017 წლის 4 მაისი. საზაფხულო პროგრამის განმავლობაში დაფინანსება შეადგენს 711 ევროს.
ლატვიის სასტიპენდიო პროგრამაზე დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს შეფასების კომიტეტი.
სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ, ვებ-გვერდის www.viaa.gov.lv/scholarships საშუალებით.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებზე იხილეთ ვებ-გვერდზე http://viaa.gov.lv/eng/ და დანართში.