საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო. პირველი შეხვედრა მინისტრმა საქართველოს სკოლების იმ წარმატებულ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს გამორჩეულად აქტიურები იყვნენ, ზრუნავდნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან მუშაობაში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს. მათ სურვილი გამოთქვეს გაუზიარონ მინისტრს გამოცდილება, ასევე ესაუბრონ სკოლის საჭიროებებზე, პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციები შესთავაზონ. ასეთი შეხვედრების მიზანი სწორედ ღია საუბრია თემებზე, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხს, მოსწავლეებს შორის და სკოლებში ბულინგის საკითხების გადაჭრას ეხება.
დღევანდელ შეხვედრაზე მასწავლებლებმა აქცენტები გააკეთეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე, დამამთავრებელ გამოცდებზე, სახელმძღვანელოებზე, მშობლებთან კომუნიკაციაზე და სხვა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე, რაც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება.
მასწავლებლებთან დიალოგი გაგრძელდება, მინისტრი და სამინისტროს ყველა წარმომადგენელი მზად არის მოუსმინოს თითოეულ პედაგოგს და გაიზიარონ მათი მოსაზრებები.
შეხვედრის მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ ლიტერატურა კლასის მართვის საკითხებზე, ასევე ბულინგთან და ძალადობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ფლაერები, რომელსაც უახლოეს დღეებში ყველა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი მიიღებს, რათა იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რას ეხება ბულინგი, რა არის ძალადობა, როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ სიტუაციაში.