ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) მიმდინარე „ატლასის“ ექსპერიმენტის დეტექტორისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, 9 მეტრამდე დიამეტრის რადიაციისაგან დამცავი ალუმინის კონსტრუქციები მზადდება. კონსტრუქციები საქართველოში, ქარხანა „ელიტა-ბურჯის“ სამრეწველო ბაზაზე იქმნება და აღსანიშნავია, რომ დეტალების პროექტირება და დამზადება ISO-ს საერთაშორისო სატანდარტების მიხედვით ხორციელდება. დღეს კონსტრუქციის ნაწილი, პირველად გაიგზავნება ჟენევაში, CERN-ში, სადაც საბოლოოდ, მოხდება სტრუქტურის აწყობა და „ატლასის“ ექსპერიმენტის დიდ „ჰადრონის“ კოლაიდერთან მიერთება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, საწარმოს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ გარემოს, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერიმენტისთვის დეტალები დამზადდა და კონსტრუქციები შეიქმნა.