საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლილემ“, საბერძნეთში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „იდეების ტალღა“, პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ სამინისტროში ანსამბლის წევრებს უმასპინძლა და კონკურსში მოპოვებული გამარჯვება პირადად მიულოცა. გაიმართა ასევე, მცირე კონცერტი ანსამბლ „ლილეს“ მონაწილეობით.
ანსამბლი საბერძნეთში, ქალაქ ლუტრაკში საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 23 აგვისტოს გაემგზავრა. ფესტივალზე „იდეების ტალღა“, გარდა პირველი ადგილისა, ანსამბლმა „ლილემ“ მიიღო განსაკუთრებული ჯილდო და ასევე, საგანგებო მოწვევა ფესტივალის ორგანიზატორებისაგან, რაც მას ყოველგვარი საფესტივალო მოსაკრებელი თანხის გადახდისგან ათავისუფლებს.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ყრუთა კავშირთან" არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლილეს" წევრები, ყრუ და სმენადაქვეითებული მოცეკვავეები არიან, რომლებმაც გამარჯვება თანაბარ პირობებში მოიპოვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“.