განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეფასების ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვას გულისხმობს. შეფასების ახალ მოდელზე მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.
დაიგეგმა და ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და გამოსაშვები გამოცდების სისტემის საფუძვლიანი კვლევა. შესაბამისად შეფასების ახალი მოდელი არსებულ გამოწვევებს ეხმიანება.
ყველა ცვლილება აბიტურიენტებისა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა:
ახალი მოდელის პრინციპი ორიენტირებულია ხარისხზე და გულისმობს:
სკოლის როლის გაძლიერებას, ორიენტაციას შედეგზე და არა გამოცდაზე,
უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივ გაზრდაზე და მშობელბისთვის ნაკლებ დანახარჯზე.
მოსამზადებელი ეტაპზე, 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 კლასელთათვის მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები. მე-12 კლასში გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე.
2018-2019 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება - შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრისა ან ამ გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.
2020 წელს, ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).
უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის:
გაგრძელდება კონსულტაციები უნივერსიტეტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მაქსიმალურად დაიხვეწოს შემოთავაზებული მოდელი და გამოცდების სისტემა იყოს სამართლიანი და ხარისხზე ორიენტირებული.