სლოვენიის ქალაქ მარიბორში დასრულდა ევროპის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში, სადაც საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 4 შესაძლებლიდან 4 მედალი მოიპოვა, 1 ვერცხლი (გიორგი ნადარეიშვილი) და 3 ბრინჯაო (იაკობ რიგვავა, გიორგი ჩხაიძე, ერეკლე ხომასურიძე). ოთხივე კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
ოლიმპიადის მონაწილე 24 ქვეყნიდან ოთხივე მედლის მოპოვება მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ შეძლო და ამ მაჩვენებლით, საქართველო ევროპის ქვეყნების უძლიერეს ექვსეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ ნაკრების ახალბედა წევრები პირველად იღებდნენ მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრში, რომელიც წარმატებით განვლეს. მწვრთნელები - გუნდის ლიდერი, პროფესორი, გიორგი მანდარია და თანალიდერი, ასისტენტი - პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.
პროექტი სრულად დააფინანსა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. ვულოცავთ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს ამ დიდ გამარჯვებას.