განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების სისტემაში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა. გატარებული ცვლილებებით, ბევრ დადებით სიახლესთან ერთად, პროფესიულ კოლეჯებს უკვე აქვთ შესაძლებლობა საბაზო განათლების (მე-9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ და ატესტატთან გათანაბრებული დიპლომები გასცენ.
პროფესიული განათლების სისტემა, ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებას 2020 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში დაიწყებს და სტუდენტებს პროფესიის შესწავლის პარალელურად, ზოგად განათლებასაც პირველად შესთავაზებს.
ინტეგრირებული სწავლებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა და ახალი მეთოდით სწავლებისთვის პედაგოგებიც, კონკურსის წესით შეირჩნენ. ამგვარი პროგრამების ხანგრძლივობა 3 წელი იქნება და პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით შვიდ პროფესიულ კოლეჯში დაიწყება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში შერჩეული პედაგოგების გადამზადება. აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებისთვის შერჩეულ პედაგოგებს ტრენინგი, კოლეჯში „მერმისი“ უტარდება. ტრენინგის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი შეხვდა და ახალი პროგრამის მიზნებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა.
განათლების სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ინიციატივის დანერგვისთვის საჭირო მოსამზადებელი ფაზა 2016 წლიდან დაიწყო და მისი ნაწილია ინტეგრირებული პროგრამების სწავლების მიზნით შერჩეული მასწავლებლების ტრენინგი.
თებერვალსა და მარტში, რამდენიმე ეტაპიან ტრენინგს 130-მდე კანდიდატი გაივლის. ასევე გადამზადდებიან ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბის გაზრდის მიზნით კი, დაგეგმილია კოლეჯების შემდგომი მხარდაჭერის ღონისძიებები.