საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, გამოცხადდა მოსწავლეთა ბლოგების კონკურსი „ჩვენი ენა ქართული“. კონკურსის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX-XI კლასის მოსწავლეები შექმნიან ბლოგებს ქართული ენის, ქართული დამწერლობის თემაზე. მოსწავლეები ბლოგების სახით წარმოგვიდგენენ შემეცნებითი სახის მრავალფეროვან, საინტერესო ინფორმაციას, რომელიც გამდიდრებული იქნება ფოტო/ვიდეო მასალებით. ყურადღება გამახვილდება ბლოგის ტექნიკურ და კრეატიულ მხარეებზე.
კონკურსის მიზანია, სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარება.
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მოსწავლეს;
• მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ენის, ქართული დამწერლობის შესახებ. მოძიებული მასალის გამოყენებით, შექმნიან ბლოგებს;
• ბლოგი უნდა იყოს მრავალფეროვანი, შეიცავდეს საინტერესო ინფორმაციას, ასევე ფოტო/ვიდეო მასალას;
• ბლოგი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის;
• ბლოგში უნდა იყოს ცალკე სექცია „ჩვენ შესახებ“, სადაც განთავსებული იქნება კონკურსანტის/კონკურსანტების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, სკოლა, კლასი).
დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები.
ვადები:
• სასკოლო ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა, გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენა - არაუგვიანეს 2020 წლის 20 მარტი;
• მუნიციპალური ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების სამინისტროსთვის წარდგენა - არაუგვიანეს 2020 წლის 27 მარტი;
• სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა - არაუგვიანეს 2020 წლის 10 აპრილი.