საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით, მსურველებს სთავაზობს წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები იუნესკოს 2020-2021 წლების „მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO აგრძელებს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას როგორც პრიორიტეტული მიმართულებების, ისე მნიშვნელოვანი პროგრამების ფარგლებში. „მონაწილეობის პროგრამა” არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც, ორ წელიწადში ერთხელ, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების/სტრატეგიული მიზნების შესაბამისად. ინფორმაცია ორგანიზაციის პრიორიტეტების/სტრატეგიული მიზნების შესახებ მოცემულია დოკუმენტში 40 C/5 ბმულზე https://unesdoc.unesco.org
(23-ე გვერდიდან).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, რომელსაც სურს განახორციელოს პროექტი იუნესკოს პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით. სასურველია პროექტი, პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, ითვალისწინებდეს იუნესკოს გლობალურ პრიორიტეტს - გენდერულ საკითხს და აქცენტს აკეთებდეს გოგონებისა და ქალების ჩართულობაზე. „მონაწილეობის პროგრამის“ პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური მეცნიერება და მეცნიერება ადამიანების შესახებ, კულტურა, კომუნიკაცია და ინფორმაცია; თითოეული პროექტისთვის განსაზღვრულია ბიუჯეტი 26,000 აშშ დოლარის ოდენობით.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2020 წლის 10 ივნისამდე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს, ელექტრონულ მისამართზე unesco@mfa.gov.ge, უნდა გააგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
პროექტების პირველად შერჩევას იუნესკოს ეროვნული კომისია აწარმოებს, ხოლო შერჩეული პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ. პარიზი).
UNESCO (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა და მისი ძირითადი მიზანია მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრება ქვეყნებს შორის განათლების, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კულტურისა და კომუნიკაციის სფეროებში თანამშრომლობის გზით; ხელსაყრელი პირობების შექმნა ცივილიზაციათა, კულტურათა და ხალხთა შორის დიალოგისათვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ზოგადი ფასეულობების პატივისცემაზე.
საქართველო UNESCO-ს სრულუფლებიანი წევრი 1992 წლის 7 ოქტომბერს გახდა. ამავე წელს შეიქმნა იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და სამდივნო, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე ფუნქციონირებს. კომისიას ევალება UNESCO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია. მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე, საქართველოში UNESCO-ს დაფინანსებით არაერთი პროექტი განხორციელდა, საქართველომ მონაწილეობა მიიღო და დღემდე მონაწილეობს ორგანიზაციის არჩევით ორგანოებში და ითვალისწინებს UNESCO-ს რეკომენდაციებს. 2018-2019 წლების განმავლობაში, UNESCO-ს მიერ დაფინანსებული და საქართველოში განხორციელებული პროექტების საერთო თანხამ შეადგინა 70.000 აშშ დოლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიას.