საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოში პირველად განახორციელა კვლევა, რომელშიც შესწავლილია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და გაანალიზებულია პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართება დასაქმებასა და შრომის ბაზართან.
დღეს კვლევის შედეგები და რეკომენდაციები განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, UNDP-ის ხელმძღვანელთან ლუიზა ვინტონთან, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებთან და პროფესიული განათლებისა და გადამზადების ექსპერტებთან ერთად, ონლაინ შეხვედრაზე განიხილა.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შესწავლა და ანალიზი მნიშვნელოვანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმის წარმატებისთვის. მისივე თქმით, კვლევის შედეგები უკვე საფუძვლად დაედო სტუდენტების ჩარიცხვის წესში ცვლილებების შემოღებას, რის შედეგადაც სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების რაოდენობა, ზოგადად პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და ინკლუზიორობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ხარისხიანი განათლება მდგრადი განვითარების ცენტრალური შემადგენელია, რადგან ის მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ არავინ დარჩეს განვითარების მიღმა. პროფესიულმა განათლებამ და გადამზადებამ შეიძლება განვითარების გზა გაუხსნას ბევრ ქართველ ახალგაზრდას“ - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
„შვეიცარია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმის საქმეში“, - აღნიშნა შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულმა ხელმძღვანელმა დანიელ მევლიმ. „ამ მხრივ, აღნიშნული კვლევა ფასდაუდებელი რესურსია, რადგან მასში წარმოდგენილ მონაცემებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შესაძლებელია ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარება“.