სკოლბურთის ფინალური შეხვედრა ზუგდიდის მე-4 და ბოლნისის პირველ საჯარო სკოლებს შორის 26 ივნისს აჭარის ზღვის სანაპიროზე, ბათუმში გაიმართა. შეხვედრა ზუგდიდელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მათე ტაკიძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თასი გადასცეს და წარმატება მიულოცეს.
წელს საიუბილეო, მეხუთე გათამაშებაში საქართველოს 1300 სკოლამ და 13 000–მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
სკოლბურთში გამარჯვებული ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი თურქეთში გაემგზავრება სადაც ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთობლივად უკვე მეხუთე წელია რაც ახორციელებს.