საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებს შეხვდნენ და საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაიბეგრებიან. სანაცვლოდ, შეიქმნება ე.წ. ”ენდაუმენტის ფონდი”, რომელიც უნივერსიტეტებს მდგრადი განვითარებისა და სტუდენტთა უფლებების დაცვის შესაძლებლობას მისცემს. ასეთი ფონდები აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს და უზრუნველყოფენ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინსიტროსა და უმაღლეს სასწავლებლების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. ჯგუფი უმაღლეს სასწავლებლებში ფონდების შექმნასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს და კანონპროექტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად გადასცემს .