განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ და პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ სამინისტრო, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ერთად, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, რაც მათ პროფესიულ გადამზადებასა და სახელმწიფო ენის შესწავლას გულისხმობს. გარდა ამისა, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით არსებობს პროგრამები სხვადასხვა სფეროს დარგობრივი ენის შესასწავლად. ესენია: უმაღლესი სასწავლებლებისთვის – სამოქალაქო განათლება, ინფრასტრუქტურა, ფინანსები და შესყიდვები, სამართალმცოდნეობა, მენეჯმენტი, ასევე, დარგობრივი ენის პროგრამები პედაგოგებისთვის. პროფესიული სასწავლებლებისთვის – საექთნო საქმე, სასურსათო ტექნოლოგიები, მშენებლობა, ელექტროობა, მეცხოველეობა, ტურიზმი, საბუღალტრო აღრიცხვა, ტრანსპორტი, აგრონომია. მინისტრის მოადგილის თქმით, მარნეულში პროფესიული კოლეჯი იხსნება, ასევე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი მომავალი წლიდან ეთნიკურ უმცირესობებს ახალ ინტეგრირებულ პროგრამებს შესთავაზებს, რომლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება იქნება შესაძლებელი.
მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, საქართველოში უმაღლესი განათლება გამარტივებული წესით მიიღონ. გამარტივებული სისტემა, ე. წ. 1+4 პროგრამა, ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ სწავლას.
ღონისძიებაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე საინფორმაციო კამპანიის შედეგები წარადგინეს და ამ კამპანიის მონაწილე ახალგაზრდები დაჯილდოვეს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა და დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ლორა ბერგერმა, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და განათლების სპეციალისტმა ნათია გორგაძემ.
პროექტი სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.