საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ ხელშეწყობით განათლებისა და მეცნიერების განვითარების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად დაგეგმვის მიზნით ორდღიანი სემინარი გაიმართა.
სემინარი სახელწოდებით „განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის განვითარება“ 6-7 აგვისტოს, წინანდალში ჩატარდა და მასში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა – ეკატერინე დგებუაძემ, ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა, სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების ხელმძღვანელებმა და დონორი ორგანიზაციების/პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ეკატერინე დგებუაძე: „სამინისტრო აფასებს წინა წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. შეხვედრაზე გვექნება წარმოდგენილი პრეზენტაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განათლების მიმართულებით უკვე განხორციელდა და დავიწყებთ მუშაობას ახალი დოკუმენტის შემუშავების პროცესის დასაგეგმად. მოგეხსენებათ, მთავრობისთვის განათლება პრიორიტეტს წარმოადგენს და, შესაბამისად, ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფას.“
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, რათა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელი შევუწყოთ ახალი ერთიანი საგანმანათლებლო სტრატეგიის განხილვის პროცესის დაწყებაში. აღნიშნული ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა და საქართველოს შორის გაფორმებული „საჯარო მმართველობის რეფორმის პროგრამის“, კერძოდ, მისი ექსპერტული, ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში. განათლების სამინისტრო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბენეფიციარი ჩვენი მრავალმილიონიანი პროგრამის. იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფოსთვის განათლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, საჯარო მმართველობის რეფორმა განათლების რეფორმის გარეშე ცხადია, ვერ იქნება წარმატებული“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ოფიცერმა ნინო ყოჩიშვილმა.
სემინარის მონაწილეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სტრატეგიული მიზნები გამოკვეთეს და სტრატეგიის შემუშავების დაგეგმვის პროცესში, სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევის კუთხით, ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის“ როლზე იმსჯელეს.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრის მოადგილეებმა განათლებისა და მეცნიერების 2017-2021 წლების სტრატეგიის განხორციელების შედეგად სისტემაში გამოვლენილი გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და სამინისტროს სამომავლო პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს. პრეზენტაციების ბოლოს სემინარის მონაწილეებმა სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტებმა სემინარში მონაწილეობა ზუმის საშუალებით მიიღეს, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს ევროპის ქვეყნების განათლების წარმატებული სტრატეგიები და რეფორმები გააცნეს.
სემინარის დასასრულს მხარეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიის შემუშავების პროცესის სამოქმედო გეგმა დასახეს.