7 და 8 ივლისს მაგისტრანტობის 6587 კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებს. გამოცდისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება, გამოცდა – 15:00 საათზე.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად; სპეციალობის გამოცდას კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ.
მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით; სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგით გაიცემა.
2009 წელს, საქართველოს მთავრობის ინციატივით, სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ახალი მოდელი დაინერგა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სამაგისტრო პროგრამების ცენტრალიზებულად, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით დაფინანსება.
2010 წელს, ისევე როგორც 2009 წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით დაფინანსდება 11 მიმართულება (ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა), რომელთაგან ამ ეტაპზე, პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული საბუნებისმეტყველო მიმართულებები, ასევე აგრარული სფერო, ჰუმანიტარული და განათლების მიმართულებები.
2009 წელს სახელმწიფომ 900–მდე მაგისტრანტის სწავლა დააფინანსა.