13.07.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდა.
პირველ გამოცდას პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები პროფესიულ უნარებში აბარებენ. 13 ივლისს 08:00 საათზე პროფესიული უნარების გამოცდის პირველი სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყო. ტესტზე მუშაობას პედაგოგები 09:00 საათზე შეუდგნენ და ამისათვის მათ 5 საათი აქვთ დათმობილი.
პროფესიული უნარების ტესტი 27 დავალებისაგან შედგება. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. იმისათვის, რომ კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახოს, კონკურსანტმა უნდა დააგროვოს 43 ქულა ან მეტი.
პირველ ეტაპზე გამოცდაში საქართველოს მასშტაბით 14 000-მდე ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას. გარდა უნარ-ჩვევებისა მასწავლებლები გამოცდას სპეციალობაშიც ჩააბარებენ. სასერტიფიკაციო გამოცდები თბილისის ორ და რეგიონების თორმეტ საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ტარდება.
საქართველოში პირველად ტარდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, პროცესი ნებაყოფლობითია და შედეგები კონფიდენციალური. ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, პედაგოგი გააგრძელებს მუშაობას და 2014 წლამდე მას რამდენჯერმე მიეცემა საშუალება გავიდეს განმეორებით გამოცდაზე.