საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი, სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
მიხეილ ჩხენკელმა ახლაგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
მიხეილ ჩხენკელი: „ძვირფასო მოსწავლეებო, გამომგონებლებო, გილოცავ გამარჯვებას! ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, ორმაგად სასიხარულოა, რომ ვხედავ ამდენ ახალგაზრდას, რომლებიც ქმნიან ახალ საქართველოს და დაინტერესებული არიან მეცნიერებით. საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპერების გაძლიერებას. მთავრობისა და ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ რომ, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო განათლების განვითარებაა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებული შტატებს, ამერიკის საელჩოს, პირადად ელჩს – მის აღმატებულება კელი დეგნანს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისათვის, აგრეთვე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ხელშეწყობისათვის, რომელიც საქართველოში ინოვატორების, გამომგონებლების ახალი თაობის წახალისებას ემსახურება“.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი პანდემიის დასრულებისთანავე გაემგზავრება აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზით. გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამსახსოვრო საჩუქრები.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება. კონკურსში დღეისათვის 1 500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული და იგი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM). კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ პროექტებს შემდეგი მიმართულებებით: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება.
კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციებია: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, აკადემია „ლეტერატო“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.