საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა სკოლებს ფულადი პრემიები გადასცა. საგნების მიხედვით მიღწეული შედეგების საფუძველზე, შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ერთიანი რეიტინგული სია, რომლის მიხედვითაც უმაღლესი ქულები საქართველოს მასშტაბით 27-მა სკოლამ დაიმსახურა და შესაბამისად I, II, III ადგილები დაიკავეს.
პირველ ადგილზე გასულ სკოლებს 5 000 ლარი, მეორეზე - 4 000, ხოლო, მესამე ადგილზე გასულ სკოლებს 3 000 ლარი გადაეცათ. პრემიის სახით მიღებული თანხა სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.
ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელია, ბევრი წარმატებული მოსწავლე ჰყავს სოფლის სკოლებს. ტექნიკურ საგნებში დიდი მომზადება აჩვენეს სპეციალიზირებულმა სკოლებმა: ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლამ, რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლამ და თბილისის 199-ე სკოლა-პანსიონმა ”კომაროვი”. სწორედ ამ სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადებში, საიდანაც ასევე გამარჯვებულები დაბრუნდნენ ჩვენი მოსწავლეები.
ქართულში, ქიმიაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და უცხო ენებში პირველ ადგილებზე წალენჯიხის, საგარეჯოს, ოზურგეთისა და ზუგდიდის რაიონების მოსწავლეები გავიდნენ, ისინი იმ 123 მოსწავლეს შორის იყვნენ, ვინც საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის ფულადი ჯილდოებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ყველა რაიონის სკოლებიდან 100 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.