საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ვესტმინსტერის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ონლაინ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტისა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ფესტივალი, რომელიც ძირითადად სამხრეთ კავკასიაში უნივერსიტეტის საქმიანობის შეჯამებას მიეძღვნა, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ვესტმინსტერის უნივერსიტეტსა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა ევროკავშირის Tempus-ის 6 გრანტი მოიპოვეს.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა პროექტზე, რომელიც ვესტმინსტერის უნივერსიტეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განახორციელა. აღნიშნული პროექტი 2012 წელს გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტებთან საერთაშორისო თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად დასახელდა და Times Higher Education-ის ჯილდო მიიღო. ევროკავშირმა ის Tempus-ის პროგრამის ისტორიაში საუკეთესო პროექტად აღიარა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მიღწევებზე ბიოსამედიცინო მეცნიერებებში, ელექტრონული და შერეული სწავლებისა და ჰემატოლოგიის მიმართულებით, რაც წარმოადგენს თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარების საუკეთესო მაგალითს და უნივერსიტეტებს თვითშეფასებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროექტის შედეგად, იმუნოლოგიის, ჰემატოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კურსები წარმატებით დაინერგა საქართველოს არაერთ უნივერსიტეტში, მათ შორის: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში, თბილისის სამედიცინო აკადემიასა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მიმართვის ბოლოს, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ფესტივალი შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა ქვეყნებისა და რეგიონების წარმომადგენლებს, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და შესაძლებლობები, რაც თანამედროვე ეპოქაში გამოწვევების ერთობლივად დაძლევის საუკეთესო საშუალებაა. სტაბილური და ხანგრძლივი კოლაბორაცია მნიშვნელოვნად დაეხმარება მეცნიერებსა და აკადემიურ დაწესებულებებს, ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, მეტად გაზარდონ კვლევის ხარისხი და სამეცნიერო პოტენციალი.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მრავალი წელია თანამშრომლობენ ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან. 1996 წლიდან ქართული უნივერსიტეტები აქტიურად მონაწილეობენ იმუნოლოგიის, ჰემატოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში. აღსანიშნავია, რომ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მიერ საქართველოში ბიოსამეციდინო ლაბორატორიები სპეციალური სამედიცინო აპარატურითა და თანამედროვე ხელსაწყოებით აღიჭურვა.
ფესტივალში, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის უცხოელ პროფესორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, პროფესორმა ნინა ფორაქიშვილმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავამ და სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა, მათ შორის, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.