საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივ პროექტ „ტელესკოლის“ ერთი წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, განათლების მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ „ტელესკოლას“ უკავშირდება. ეს არის პროექტი, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები, სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამები.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, პირველი არხისა და სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელებაში და, ზოგადად, პანდემიის პირობებში განათლების სერვისების შეუფერხებელი უზრუნველყოფის რთულ საქმეში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის ასეთი სახით განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ვასილ მაღლაფერიძეს, რისთვისაც მას პირადად კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.
როდესაც განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მიღწეულ წარმატებებზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ აღვნიშნო მასწავლებლების ღვაწლი და უდიდესი ამაგი. თქვენ ჩვენი დროის გმირები ბრძანდებით, ვინაიდან სწორედ თქვენ იმყოფებოდით და იმყოფებით ფრონტის წინა ხაზზე. თითოეული დღე მართლაც გმირობის ტოლფასია. თქვენი მონდომება, პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება ფასდაუდებელია. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ BBC-მ მოსწავლეებს „ტელესკოლა“ 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა. შესაბამისად, საქართველოს განათლების სისტემაში 10 თვით ადრე დაინერგა ის, რაც დიდ ბრიტანეთში 2021 წლიდან დაიწყო.
ვფიქრობ, დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის „ტელესკოლას“ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. პროექტმა ხელი შეუწყო იმას, რომ 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი აკადემიურ წლად არ გამოცხადდა და „ტელესკოლა“ დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია პროექტის მრავალფეროვნება. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ტელესკოლა“ კლასგარეშე სწავლებასაც გულისხმობს. მათ შორის ცეკვის, მუსიკისა და ჭადრაკის გაკვეთილებს და რჩევებს მშობლებისათვის. ასევე გრძელდება ინგლისური ენის გაკვეთილები ნებისმიერი ასაკის მაყურებელისთვის. „ტელესკოლა“ აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს. გრძელდება ეთნიკური უმცირესობებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების ტელე-გაკვეთილები. გაკვეთილების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები, უზრუნველყოფილია გაკვეთილების ადაპტირება ჟესტურ ენაზე.
ვფიქრობ, პროექტი „ტელესკოლა“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სწავლაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
გულწრფელად მახარებს, რომ რთულ პერიოდში, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა უწყვეტი საგანმანათლებლო პროცესი. ასევე, ძალიან მეამაყება, რომ საქართველოს მიერ დისტანციური განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა.
კიდევ ერთხელ, ყველას გულწრფელად გიხდით მადლობას გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენი მომავალი თაობისთვის განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მართლაც საშვილიშვილო საქმეა“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.