კონფერენციის გახსნისას მონაწილეებს მიესალმნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი მოადგიელე ბ-ნი იოკიმ პარკერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის მოადგილე ქ-ნი ირინე ქურდაძე და PH International–ის აღმასრულებელი დირექტორი ქ-ნი ენ მარტინი.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიანი პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და PH International–ის (პროექტი ჰარმონია) ერთობლივ ინიციატივას. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში; გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
პროგრამა არა მხოლოდ აამაღლებს მოსწავლეთა ცოდნასა და განწყობას დემოკრატიის პრინციპების მიმართ, არამედ გაავრცელებს ამ პრინციპებს სკოლების მმართველობაში, პედაგოგებში, თავად მოსწავლეებში და ფართო საზოგადოებაში.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში და დაფარავს საქართველოს სკოლების 20%–ს. PH International ქართველი ექსპერტების ჯგუფთან ერთად შეაფასებს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამასა და სახელმძღვანელოებს მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეთათვის და გამოავლენს სამოქალაქო განათლების იმ პრიორიტეტულ სფეროებს, სადაც საჭიროა დამატებითი სასწავლო მასალების შექმნა.
პროგრამის მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება, როგორც მოქალაქეები, ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში და საკუთარი საქციელით მაგალითი აჩვენონ გარშემომყოფებს.
პროგრამა აქტიურად დაეხმარება ლიდერ მოსწავლეებს და მათ საზაფხულო ბანაკში ტრენინგის გავლის შესაძლებლობას მისცემს. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეთა განსაკუთრებული და შემოქმედებითი იდეების განხორციელებას მცირე საგრანტო პროგრამის საშუალებით, რომელიც 500 აშშ დოლარის ფარგლებში დააფინანსებს მოსწავლეთა ინიციატივებს.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა შექმნის სამოქალაქო განათლების ვებგვერდს: www.civics.ge. ვებგვერდი იქნება სამოქალაქო განათლების სფეროში არსებული ერთადერთი ელექტრონული რესურსი, სადაც განთავსდება ინფორმაცია არა მარტო მიმდინარე ინიციატივებთან დაკავშირებით, არამედ ასევე სამოქალაქო განათლების სფეროში უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ.