„პროფესია, რომელსაც ვემსახურები, ძალიან მიყვარს. ჩემი მოსწავლის პატარა წარმატებაც კი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. ვამაყობ, როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლეს დღეს ის გამოუვიდა, რაც გუშინ ვერ შეძლო. სწორედ პატარა ნაბიჯებით შეგვიძლია მიზნამდე მისვლა,“ - აცხადებს N64 სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი ფიქრია ფირცხალაიშვილი, რომელიც შემეცნებითი, აკადემიური, მოტორული თუ ფუნქციური უნარების გასაძლიერებლად მოსწავლეებთან აქტიურად მუშაობს. სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად კი ჯგუფურ მუშაობებსაც გეგმავს. აქტიურად ესწრება გაკვეთილებს და თვალს ადევნებს სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას.
წარმატებული პედაგოგისთვის ყველაფერი ბავშვობაში ფოლკნერის ,,ხმაური და მძვინვარების“ წაკითხვის შემდეგ დაიწყო. ნაწარმოებში აღმოაჩინა, რომ არსებობენ განსხვავებული ადამიანები განსხვავებული შეგრძნებებითა და სამყაროს განსხვავებული აღქმით:
„სწორედ მაშინ გამიჩნდა უამრავი კითხვა: სად იყვნენ ეს ადამიანები, როგორი იყო მათი ცხოვრება, რატომ არ ჩანდნენ ჩემ გარშემო... ამ კითხვებზე პასუხების ძიებამ პირველკურსელი სოციალური თერაპიის სახლში მიმიყვანა, სადაც ასეთ ადამიანებზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ. ჩემთვის ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. მეგობრებთან ერთად დავიწყე იმაზე ფიქრი, რა შემეძლო გამეკეთებინა, რომ ისინი საზოგადოებას დაენახა, მათი ხმა სხვებსაც გაეგოთ“.
დღეს წარმატებული პედაგოგი ჯერ კიდევ სტუდენტობისას იმდენად გაიტაცა ამ საქმიანობამ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამ სფეროში დარჩა. შემდეგ იყო ბევრი ორგანიზაცია და ტრენინგი, იმუშავა დამხმარედ სკოლებსა თუ ბაღში და სწავლა-სწავლების პროცესში მიხვდა მთავარს - მუშაობას რეალური ცვლილებები ნამდვილად მოაქვს.
„ამის შემდეგ ბუნებრივად მოხდა ისე, რომ სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ავირჩიე. სწორედ ეს იყო ის პროფესია, სადაც შემეძლო ცვლილებები მომეხდინა. შემეძლო ჩემი პატარა წვლილი შემეტანა იმაში, რომ განსხვავებული აღქმისა და შეგრძნებების მქონე ადამიანების უკეთ დანახვა და გაგება შეგვძლებოდა“.
მას შემდეგ, რაც განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა და მათი სახელფასო პოლიტიკა, ფიქრია ფირცხალაიშვილი, თავისი სამაგისტრო განათლების შესაბამისად, უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა და 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს იღებს.