საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების გამოსავლენად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში კვლევა ჩატარდა. კვლევის საფუძველზე რეალური პოტენციალის მქონე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოვლინდა, თუმცა ასევე გამოიკვეთა სექტორში არსებული გამოწვევები, მათ შორის, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, ბაზარზე წვდომის სირთულეები და სხვ.
კვლევის შედეგები საქართველოს პარლამენტისა და USAID-ის ორგანიზებით გამართულ საჯარო-კერძო დიალოგის ფარგლებში განიხილეს, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებთან ერთად, კვლევის შედეგები შეაჯამეს და სექტორის განვითარების გზებზე იმსჯელეს.
დიალოგში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო, რომელმაც კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების კუთხით მეწარმეების როლზე და ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კოლეჯიც კი ვერ შეძლებს ბოლომდე უპასუხოს სექტორის საჭიროებებს, თავად დარგის ჩართულობის გარეშე. სამინისტროს დღევანდელი პოლიტიკა კი სწორედ თანაზიარი პასუხისმგებლობით მოიაზრებს დარგის განვითარებას. მისივე თქმით, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მსუბუქი მრეწველობის სექტორი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით უზრუნველყოს და ამ გზით ხელი შეუწყოს სფეროს განვითარებას.