საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი 16 პროფესიული სასწავლებლის დირექტორებს შეხვდნენ და პროფესიული სწავლებისთვის განკუთვნილი 750 სასწავლო სახელმძღვანელო გადასცეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები საქართველოში.
სახელმძღვანელოები შეიმუშავა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში. ახალი სახელმძღვანელოები 9 პროფესიული სასწავლო კურსისთვის არის განკუთვნილი: კალატოზი, მებათქაშე, რკინაბეტონის სამუშაოთა წარმოების მუშა, ელექტროშემდუღებელი, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი, მემინდვრე, მებოსტნე, მებაღე და მევენახე.
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის ჯეიმი მაკგოლდრიკეს განცხადებით: “ახალი სასწავლო პროგრამები ხელს შეუწყობენ პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას და სწავლების პროცესის სრულყოფას”. მან აგრეთვე დასძინა, რომ სექტემბრის ბოლოს UNDP-ის ხელშეწყობით კიდევ 4 სახელმძღვანელო გამოიცემა.
სახელმძღვანელოები განხილული და მოწონებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი სფეროს დარგობრივი საბჭოს მიერ.
”პროფესიულ განათლებაში ახალი პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს” - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ.
პროფესიული განათლების ხელშეწყობა 2008 წლის ომის შემდგომი დახმარების ნაწილს წარმოადგენს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის ღირებულება 4.4 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის სამი კომპონენტი ინფრასტრუქტურის აღდგენას, მიკროფინანსირებას და პროფესიული განათლების განვითარებას მოიცავს.