ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის კვირეულზე, კონკურენტუნარიანობის პროგრამის ფარგლებში, ონლაინ სემინარი გაიმართა, რომლის მთავარ თემას საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის დიგიტალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოში მეწარმეობის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის განხორციელებული პროექტები განიხილეს და ერთმანეთს ამ მიმართულებით წარმატებული გამოცდილება გაუზიარეს.
სემინარში ერთ-ერთი მთავარი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო. მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული საშუალებების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც თამარ ქიტიაშვილმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში, მიუხედავად არაერთი სირთულისა, საქართველოს განათლების სისტემაში დაინერგა დისტანციური სწავლება და განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ადაპტაციის ხელშეწყობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
მისი თქმით, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ორიენტირებული არიან, შესთავაზონ ახალგაზრდებს პროგრამები, რომლებიც მათ ციფრულ სამყაროში არსებული გამოწვევების დასაძლევად შესაბამისი უნარებს გამომუშავებაში დაეხმარება.
სემინარს OECD-ის გლობალური ურთიერთობების სამდივნოს ევრაზიული დივიზიის ხელმძღვანელი უილიამ ტომფსონი უძღვებოდა და მას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენტუნარიანობის პროგრამა 2008 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მთავარ მიზანს ბიზნესგარემოსა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის კუთხით აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მხარდაჭერა წარმოადგენს.