მაკო თეთრაული სპეციალურ მასწავლებლად იმ დროიდან მუშაობს, რაც სკოლებში ინკლუზიური განათლება ფეხს იდგამდა, იმ პერიოდიდან, როდესაც საზოგადოებაში ინკლუზიური განათლების შესახებ სრული ვაკუუმი იყო და ამ სიცარიელის შევსებაში მთავარი როლი სპეციალურ მასწავლებლებს ეკისრებოდათ.
N118 საჯარო სკოლაში, სადაც მაკო თეთრაულმა პირველად დაიწყო მუშაობა, ერთადერთი იყო, რომელიც 2014 წელს ინკლუზიური განათლების პროცესში პირველად ჩაერთო. იყო ბევრი სირთულე, ბევრ სტერეოტიპი, თუმცა პედაგოგების ერთობლივმა ენთუზიაზმმა, საქმის სიყვარულმა და ერთმანეთის პროფესიულმა მხარდაჭერამ სირთულეები დაძლია და, როგორც თავად ამბობს, დღემდე ყველა ერთად, ერთგულად აგრძელებენ ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვას.
გარკვეული პერიოდი მაკო თეთრაული N72 საჯარო სკოლაში, აუტისტური სპექტრის ინტეგრირებულ კლასშიც მუშაობდა, რამაც დიდი გამოცდილება შესძინა. ამჟამად ის N5 საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგია და შესაბამისი სამაგისტრო განათლებიდან გამომდინარე, იმ პედაგოგთა შორისაა, რომლებსაც 2021 წელს უფროსი სპეციალური პედაგოგის სტატუსი მიენიჭა.
„ინკლუზიურ განათლებასთან მიმართებით დღეს საზოგადოების ცნობიერების დონე მნიშვნელოვნად არის ამაღლებული. მეამაყება, რომ ჩვენს სკოლაში მაღალი ჩართულობა და მხარდაჭერაა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. ინკლუზიური განათლების კარგად ორგანიზებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სკოლაში ბავშვებთან მუშაობა, მართლაც რომ, შემოქმედებითი და მრავალფეროვანია. მოგეხსენებათ, ყველა მოსწავლის შესაძლებლობები და ინტერესები განსხვავებულია. შესაბამისად, თითოეულისთვის საჭიროა პერსონალური სასწავლო რესურსები, აქტივობები თუ სწავლების სტრატეგია. ეს ფაქტორი კი პროფესიული ზრდის უწყვეტი პროცესია. დიდი სტიმულია, როდესაც ხედავ, რომ შენი მუშობის შედეგად მოსწავლისთვის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და თანაკლასელებთან ურთიერთობა სასიამოვნო და კომფორტული გახდა“, – აცხადებს პედაგოგი, რომელსაც თავიდანვე ჰქონდა სურვილი, საკუთარი პროფესია ბავშვებთან დაეკავშირებინა. თეორიული განათლებისა თუ პრაქტიკული გამოცდილების დახმარებით მათი ცხოვრება უკეთესი გაეხადა. დახმარებოდა შესაძლებლობების გამოვლენასა და პოტენციალის მაქსიმალურ განვითარებაში.
„როდესაც სამაგისტრო პროგრამებს ვარჩევდი, ინკლუზიური განათლების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამა ილიას უნივერსიტეტში ვნახე. მაშინ პირველად დავინტერესდი და ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე. აღმოჩნდა, რომ ინკლუზიური განათლება პირველ ნაბიჯებს დგამდა და გამიჩნდა სურვილი, ვყოფილიყავი ამ მნიშვნელოვანი პროცესის თანამონაწილე.
ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და დღემდე აქვს რწმენას, რომ რა საქმესაც ვემსახურები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ყოველი სამუშაო დღე ქმნის ჩემი მოსწავლეების მომავალს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერება მოდუნების საშუალებას არასდროს მაძლევს.
ჩვენ, სპეციალურმა პედაგოგებმა, მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოსწავლეების უფლებების დასაცავად. სხვადასხვა გარემოში ხშირად ვაწყდებით საზოგადოების მხრიდან სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ დიახ, სსსმ მოსწავლეებს აქვთ ხარისხიანი განათლების მიღების უფლება და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველას, ვისაც თუნდაც პატარა შეხება აქვს სსსმ მოსწავლესთან, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიხარჯოს“, – აცხადებს პედაგოგი, რომელიც დისტანციური სწავლის რთულ გამოწვევებს იხსენებს:
„ონლაინ სწავლებისას გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით როგორც სპეციალური პედაგოგები, ასევე სხვა საგნის მასწავლებლებიც. კონტაქტური სწავლების დროს გაცილებით ბევრი რესურსი გვაქვს, შეგვიძლია მოსწავლის ყველა სენსორული არხის ჩართვა. ხშირ შემთხვევაში მოსწავლესთან ერთად ვქმნით მისთვის საჭირო და საინტერესო სასწავლო მასალებს. ონლაინ სწავლებამ ეს გარკვეულწილად შეზღუდა. გადამწყვეტი როლი მშობელს დაეკისრა. პირველ ეტაპზე მშობლებიც გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა მშობლებსა და მასწავლებლებს შორის აქტიური კომუნიკაციითა და ჩვენი მხრიდან მათი კომპეტენციის ამაღლებით ეს სირთულეები ერთობლივად დავძლიეთ“.
მაკო თეთრაული ფიქრობს, რომ წარმატება მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით მიიღწევა:
„პროფესიულ წარმატებისთვის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ბევრ სპეციალურ პედაგოგთან თუ საგნის მასწავლებელთან მომიწია თანამშრომლობა და სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა დიდი როლი ჩემს პროფესიულ განვითარებაში“.