საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო სექტორთან და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მარეგულირებელი დოკუმენტები შეიმუშავა, რომელსაც მთავრობას წარუდგენს.
მარეგულირებელი ჩარჩო მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სხვადასხვა ფორმების დანერგვის ხელშეწყობას, შესაბამის პროგრამებზე კვალიფიკაციის მინიჭების გამჭვირვალე სისტემის განვითარებას, სასწავლო პროცესში სათანადო მოტივაციისა და მზაობის მქონე კომპანიების ჩართვას, დარგობრივი ასოციაციების როლის გაზრდას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კოორდინაციაში და სხვა.
მარეგულირებელ ჩარჩოზე მუშაობის პროცესი მხარეებმა GIZ-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ შეხვედრაზე შეაჯამეს, რომელში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
თამარ ქიტიაშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე პროფესიული განათლების განვითარებისთვის კერძო სექტორთან თანამშრომლობა მაღალ ნიშნულზეა. ამას მოწმობს ახალი მარეგულირებელი ჩარჩო, სადაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან რიგი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობისა სწორედ კერძო სექტორზეა დელეგირებული.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა დოკუმენტების დამტკიცებისა და დანერგვის პროცესებთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ მოქნილი და გამართული მარეგულირებელი ჩარჩო ხელს შეუწყობს დუალური და, ზოგადად, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობასა და დასაქმებაზე.