საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წელს განხორციელებულ უკანონო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა ბრიფინგი გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ შემოწმდა 2008 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვები, რომლის შედეგად სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. საქმე ეხება ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკის მიერ ათეულობით ათასი ლარის მითვისებას, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა სერიოზული ზარალი განიცადა. დიმიტრი შაშკინის დავალებით, მასალები გამოძიებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეცა. ფაქტთან დაკავშირებით 332 მუხლის პირველი ნაწილით უკვე დაიწყო გამოძიება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტი მომავალშიც გააგრძელებს შემოწმებას და არავის მიეცემა უფლება მიითვისოს მატერიალური რესურსები, რომელიც ჩვენი ბავშვების განათლებისთვის არის განკუთვნილი.