საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში მანდატურთა ტესტირების პროცესს გაეცნო და სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა დაათვალიერა.
ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის 42 საჯარო სკოლაში მანდატურები შევლენ და სკოლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
თბილისის მსგავსად, ქუთაისში მანდატურთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. 26 აგვისტოს ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში 300-მდე მსურველი გაივლის ტესტირებას, გასაუბრების შემდეგ, მათგან მომავალი მანდატურები შეირჩევიან, ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ეტაპობრივად გაივლიან გადამზადებას, სამი კვირის მანძილზე თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან და ფსიქოლოგიურ კურსს გაივლიან.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ”უსაფრთხო სკოლის პროექტის” ფარგლებში, სერტიფიცირებული მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაში შევლენ. სამკაციანი ჯგუფი, დაკომპლექტებული ერთი ქალბატონისა და ორი მამაკაცისაგან სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენციასა და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარებას უზრუნველყოფენ.
”უსაფრთხო სკოლის პროექტის” ფარგლებში მიმდინარეობს ქუთაისის საჯარო სკოლებში ვიდეოსამეთვალყურეო აპარტატურის დამონტაჟების პროცესიც. ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 16 ვიდეოთვალი კომპანია „ნეოტექმა“ დაამონტაჟა. მათი დახმარებით მანდატურები სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს რეალურ დროში გააკონტროლებენ. „ნეოტექი“ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დამონტაჟებას ქუთაისის გარდა, თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლებშიც ახორციელებს. შესაბამისი სამუშაოები სამივე ქალაქში სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.