საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვია და იმ სტუდენტების მიღებას დაესწრო, რომლებმაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღეს და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.
საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ პროგრამით - "ისწავლე დღეს - ასწავლე ხვალ". ახალი სასწავლო პროგრამა ყველა ნიჭიერ სტუდენტს ფინანსური მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, უნივერსიტეტში სწავლისა და საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს, მათ შეეძლებათ ბაკალავრიატი სწავლის საფასურის გადახდის გარეშე დაამთავრონ, საუკეთესო განათლება მიიღონ, გახდნენ წარმატებულები და ბაკალავრიატის დამთავრებიდან მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, ახლადმიღებული სტუდენტის სწავლა დააფინანსონ.
თავისუფალ უნივერსიტეტში წელს ყველაზე მაღალი საშუალო საკონკურსო ქულა დაფიქსირდა სხვა უმაღლეს სასწავლებელთან შედარებით – 2165.6, რაც 110 საკონკურსო ქულით მაღალია, საქართველოში შედეგით მეორე, საშუალო საკონკურსო ქულის მქონე უმაღლეს სასწავლებელთან (თსუ) შედარებით.
საკონკურსო ქულების მიხედვით საქართველოში 10 საუკეთესო აბიტურენტიდან 8 თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აქედან 3 მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში (MACS), რომელიც მხოლოდ წელს გაიხსნა.
საქართველოში საუკეთესო შედეგი აქვს ნანო
მამაგეიშვილს. თავისუფალმა უნივერსიტეტმა მას სასწავლო გრანტი გადასცა. საკონკურსო
ქულებით მეორე ნომერია ნიკოლოზ მაჭავარიანი, რომელიც ასევე უფასოდ ისწავლის
თავისუფალ უნივერსიტეტში. დიმიტრი შაშკინმა ნიჭიერ
ახალგაზრდებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და TBC ბანკის წარმომადგენლები.