სწავლის დასრულების შემდეგ ანა შარაძე ეძებდა ისეთ სივრცეს, სადაც ფსიქოლოგიის მიმართულებით დაგროვილ ცოდნას გამოიყენებდა. სწორედ ასე აღმოჩნდა საჯარო სკოლაში ახალგაზრდა პედაგოგი, რომელიც თვლის, რომ სწორი არჩევანი გააკეთა და ემსახურება იმ საქმეს, რომელიც აბედნიერებს.
„ფსიქოლოგიის მესამე კურსზე ყოფნისას შევისწავლე საგანი ინკლუზიური განათლება, რამაც დამაფიქრა იმაზე, თუ რამდენი ჩემი კლასელის საჭიროება რჩებოდა სისტემის მიღმა, რა სხვანაირი იქნებოდა სკოლის წლები, ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა რომ გამოეჩინათ. შესაბამისად, გადავწყვიტე მეტი გამეგო ამ სისტემის შესახებ. გავლენა იქონია კურსელმა ფსიქოლოგებმაც, რომლებიც უკვე მუშაობდნენ სკოლაში და მუდმივად ჰყვებოდნენ ისტორიებს მათი მოსწავლეების შესახებ. ძნელია ეს ყველაფერი სკოლაში დატოვო და არ გაუზიარო სხვებს. რატომაც არ უნდა მომესინჯა ჩემი ძალები იქ, სადაც შესაძლებლობები უსაზღვროა, მიდგომები კი მრავალფეროვანი?! მოსმენილმა, განცდილმა და ნანახმა გადამაწყვეტინა, რომ მეც უნდა ჩავრთულიყავი მოსწავლეებისთვის საინტერესო, მამოტივირებელი და მზრუნველი გარემოს შექმნაში,“ – აცხადებს ანა შარაძე.
სწავლების პროცესში აღმოაჩინა თუ რამდენად ცვლის მოსწავლეს მასზე მორგებული გარემო და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცვლილებებისა თუ მიღწევების დანახვა და შეფასება.
„პირველ რიგში, ბავშვებთან მუშაობისას მეტად დავრწმუნდი, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. გადავაფასე ჩემი შეხედულებები. თუ აქამდე მეგონა, რომ ეს მათთვის იყო საჭირო, შემდგომ უკვე დავინახე, რომ ეს ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ასევე გვჭირდება. სკოლებში სწორად წარმართული ინკლუზიური განათლება საზოგადოების თანასწორობის პრინციპებს ნათლად გვაჩვენებს“, – აცხადებს ახალგაზრდა პედაგოგი.
ანა სასკოლო გამოცდილებიდან იხსენებს შემთხვევას, როდესაც პირველკლასელი მოსწავლე გამოირჩეოდა აგრესიული ქცევით, რაც დისკომფორტი იყო მოსწავლეებისთვის. დირექციის აქტიური ჩარევით, მშობლებთან და მოსწავლესთან მუშაობით კი მოახერხა, რომ მოსწავლე დღის განმავლობაში ესწრება გაკვეთილებს, მეგობრობს თანაკლასელებთან და მიჰყვება ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
„მახსენდება მეორე შემთხვევაც, აუტისტური სპექტრის მქონე მაღალფუნქციური მოსწავლე თითქმის არ ერთვებოდა არც რესურს ოთახის აქტივობებში, კლასში ხმის ამოღებაზე საუბარი ხომ ზედმეტი იყო. მისი ინტერესის აღმოჩენის შემდეგ, რაც ჩვენი საერთო ინტერესი აღმოჩნდა – კომიქსები და ჰარი პოტერი, დავიწყე რესურსების ამ თემატიკით მომზადება. ნელ-ნელა ჩართულობის მოტივაციაც გაიზარდა და უკვე ხალისით ასრულებდა დავალებებს რესურს ოთახში, კლასში კი დაიწყო მასწავლებლის დასმულ კითხვაზე მოკლე პასუხის გაცემა. ეს დიდი მიღწევა იყო, ახლა სიტუაცია გაუმჯობესებულია და მეტად აქტიურად ერთვება ჩვენი მოსწავლე სხვადასხვა აქტივობებში“, – იხსენებს ანა შარაძე.
პანდემიის პერიოდში სწავლების პროცესში სირთულეებს წააწყდა, თუმცა ეს ყველაფერი ახალ შესაძლებლობად მიიღო და სკოლის დირექტორისა და კოლეგების დახმარებით შეძლო პანდემიის სირთულეებს გამკლავებოდა.
„მოსწავლეებთან სამუშაოდ მჭირდება მრავალფეროვანი რესურსი, სწავლების პროცესში ყველანაირი სენსორული შეგრძნების ჩართვა, საერთო საკლასო პროცესში მასწავლებლის ინფორმირება, როგორ შეუწყოს ხელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს. პანდემიის დროს კი ყველა ეს შესაძლებლობა წამერთვა, ხოლო ის ცოდნა, თუ როგორ უნდა ვიმუშაო მოსწავლესთან, უსარგებლო აღმოჩნდა. ახლიდან მომიხდა სპეციალური მასწავლებლისთვის საჭირო უნარების შესწავლა და მათი მორგება ამ ბრტყელი ეკრანებისთვის, ამ ყველაფრის ახალ შესაძლებლობად დანახვა.
აქტიურად ვთანამშრომლობდით განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდთან, მისი წევრები გვეხმარებოდნენ არსებული მასალების ონლაინ სწავლებაზე მორგებაში და გვაძლევდნენ რჩევებს, პროცესის წარსამართად. იყვნენ მასწავლებლებიც, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ესწავლათ და თავად გამხდარიყვნენ სხვა მასწავლებლისთვის მაგალითი, რომ ეს შესაძლებელია,“ – იხსენებს პედაგოგი.
ფიქრობს, რომ როცა გადაწყვეტ ასწავლო, თავადაც არ უნდა შეწყვიტო სწავლა. პედაგოგის პროფესია მისთვის მუდმივი სწავლისა და გაზიარების პროცესია, ყოველდღიურად ბევრს სწავლობს მოსწავლეებისგან, კოლეგებისგან და ცდილობს გასცეს იგივე.
„ვისურვებ, საქმიანობისას დამოკიდებულებებზე კი არა, იმაზე ვდავობდეთ, თუ როგორ ჯობია ამა თუ იმ თემის მორგება მოსწავლეებზე. ვისურვებ, მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ და გვჯეროდეს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, როცა ერთმანეთზე ვზრუნავთ!“ – აცხადებს ანა შარაძე.