„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მასწავლებელი გავხდებოდი, მაგრამ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და სადაც ყველაზე მეტად საჭიროა ჩემი ყოფნა“, – ამბობს ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ნოვრასტა მუსტაფაევი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლაში 3 წელია სახელმწიფო ენას ასწავლის.
27 წლის პედაგოგმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წელს დაამთავრა. იმავე წელს წარმატებით გაიარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი და აქედან დაიწყო მისი პედაგოგიური კარიერა, რომელიც უკვე 4 წელს ითვლის.
ნოვრასტა მუსტაფაევი დამხმარე მასწავლებლად ჯერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ კი მარნეულის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლაში გადავიდა, სადაც მესამე წელია ქართულ ენას იქაურ ბავშვებს ასწავლის.
„მუდამ ვცდილობდი, ადგილობრივ მოსწავლეებს ქართული ენის შესწავლაში დავხმარებოდი, მაგრამ როდესაც სტუდენტი გავხდი, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ქართული ენა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჩვენი სამშობლოს ენა. აქ ვართ დაბადებული, აქ ვცხოვრობთ და მომავალში თუ გვინდა ვიყოთ წარმატებული მოქალაქეები, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ სახელმწიფო ენა. ძალიან მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერის პროგრამამ მომცა.
„არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერის პროგრამას“ უზარმაზარი როლი აქვს არაქართულენოვანი სკოლებისათვის. მე, როგორც პროგრამის მონაწილე, მუდამ ვცდილობ განათლების სფეროში არსებული სიახლეები არა მხოლოდ სკოლაში შევიტანო, უშუალოდ მოსწავლეებსაც მივაწოდო“, – აცხადებს პედაგოგი, რომელმაც საგნობრივი კომპეტენცია 2019 წელს დაადასტურა. 2020-2021 სასწავლო წელს უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა. მიმდინარე სასწავლო წელს კი სტატუსი მიენიჭა და ის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი გახდა.
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მასწავლებელი გავხდებოდი, მაგრამ, ვფიქრობ, ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და სადაც საჭიროა ჩემი ყოფნა. უზომოდ მიყვარს სკოლაში მუშაობა და ჩემს მოსწავლეებთან დროის გატარება. მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ბავშვები წინ მიდიან და სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ ენის შესწავლას. მოსწავლეებს ვეხმარები იმაშიც, რომ იყვნენ ტოლერანტულები და საკუთარი სამშობლოს მოყვარული მოქალაქეები; შეეცადონ, შექმნან სიყვარულით სავსე გარემო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
სწორედ ამისთვის ვატარებ ახალ აქტივობებს, სასკოლო ღონისძიებებსა და სასწავლო პროექტებს. წელს პროექტ „ჩხირკედელაში“ ჩავერთეთ და წარმატებით დავასრულეთ პროექტი ,,ქაღალდის შექმნა და გადამუშავება“. ვატარებთ ესეს კონკურსს, ხატვის ფესტივალს, ვიქტორინებს და საგანმანათლებლო თამაშებს. მინდა მოსწავლეებს ვაჩვენო, რომ შეუძლებელი არაფერია, ჩვენი მომავალი, ჩვენი წარმატება ჩვენს ხელშია.
მიმაჩნია, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და როცა ადამიანი საყვარელ საქმეს აკეთებს, მის შრომას ყოველთვის ექნება შედეგი, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. მიყვარს ჩემი სამშობლო და ვცდილობ ისეთი გარემო შევუქმნა ჩემს მოსწავლეებს, რომ მათაც სიყვარულით ისწავლონ ქართული ენა“, – აცხადებს პედაგოგი.
ნოვრასტა მუსტაფაევი იხსენებს, რომ დისტანციურმა სწავლებამ პირველ ეტაპზე სირთულეები მათაც შეუქმნა, თუმცა დამატებითი მეცადინეობები ელექტრონული სივრცეებისა და Microsoft Teams-ის გამოყენებაზე მასწავლებელმა თავადვე ჩაუტარა:
„ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ამ რთული პერიოდის განმავლობაში მოსწავლეების მოტივაცია სწავლის მიმართ არ შეცვლილა. მართალია, ამჟამად სწავლა პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს, მაგრამ ყველა სიტუაციისათვის მზად ვართ!“ – ამბობს ნოვრასტა მუსტაფაევი.