საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ბელგიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მინისტრმა ბრიუსელში ევროპული კვლევების საბჭოს (ERCEA) დირექტორ ლოურენს მოროსთან, ევროკომისიის კვლევების აღმასრულებელი სააგენტოს (REA) დირექტორ მარკ ტაშელესთან და ევროპის ინოვაციების საბჭოსა და მცირე და საშუალო ბიზნესის აღმასრულებელი სააგენტოს (EISMEA) დირექტორ ჟან დევიდ მალოსთან შეხვედრები გამართა და მათთან მეცნიერების, კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მხარდაჭერაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი თქმით, სამინისტრო სამეცნიერო კვლევების სტიმულირებისა და ინტერნაციონალიზაციის კუთხით აქტიურ მუშაობას აგრძელებს, რათა მოხდეს კიდევ უფრო მეტად დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან.
გიორგი ამილახვარმა საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერების კუთხით ევროკავშირთან პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებისა და სხვადასხვა ინოვაციური პროექტის განხორციელების მხარდაჭერის მიმართულებით.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი გრანტების წარდგენისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მოდერნიზების, ასევე, ევროკომისიის კვლევების აღმასრულებელი სააგენტოს მსგავსი გრანტების მართვის ელექტრონული სერვისის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი განცხადებით, ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ევროკომისიის კვლევების აღმასრულებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობა საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებისა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის საკითხებში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. მხარეებმა მჭიდრო პარტნიორობის მზაობა გამოთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკომისიის კვლევების აღმასრულებელი სააგენტო საქართველოს ექსპერტ-შემფასებელთა ბაზებზე წვდომას გაუხსნის.
საუბრისას გიორგი ამილახვარმა საქართველო-ევროკავშირის საინოვაციო დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბების ინიციატივა გამოთქვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის ევროკავშირის რეგიონულ საინოვაციო ეკოსისტემებთან ჰარმონიზაციას. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა Horizon Europe-ში ქართველი მეცნიერების მეტად ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებიც განიხილეს.
თავის მხრივ, ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევითი სააგენტოების ხელმძღვანელებმა სამინისტროსთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და ქართულ მხარეს მხარდაჭერის კონკრეტული მექანიზმები შესთავაზეს.