საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გერმანელ მეცნიერებს – დრეზდენ-როსენდორის ჰელმჰოლც ცენტრის დირექტორს, თსუ და სტუ-ს საპატიო დოქტორს სებასტიან შმიდტს, იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, თსუ-ს და სტუ-ს საპატიო დოქტორს, პროფესორ ჰანს შტროერსა და იულუხის კვლევითი ცენტრის ნეურო მედიცინის ინსტიტუტის დირექტორს, სტუ-ს საპატიო დოქტორს პროფესორ ჯონ შაჰს უმასპინძლა.
გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებთან „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB)“ ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს სამეცნიერო სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანულ მხარესთან თანამშრომლობა და ქვეყნებს შორის არსებული სამეცნიერო კავშირების გაღრმავება. მისი თქმით, ამ მიმართულებით მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს „ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს“, რომლის ფარგლებშიც არაერთი წარმატებული სამეცნიერო პროექტი განხორციელდა.
საუბრისას მხარეებმა ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით გადადგმული ნაბიჯები, მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წელს „ქართულ-გერმანული ხიდის“ ფარგლებში გერმანულ მხარესა და ქართულ უნივერსიტეტებს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის 20 წელი აღინიშნება. აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიების ორგანიზება.
მინისტრმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა შეხვედრის მონაწილეებს „ქართულ-გერმანული ხიდის“ ფარგლებში ახალი პროექტების განხორციელების საქმეში და თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილე გერმანელი მეცნიერები – სებასტიან შმიდტი, ჰანს შტროერი და ჯონ შაჰი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან.
საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმი „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი‘‘ (GGSB) ხელს უწყობს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ქართველი და გერმანელი სტუდენტებისა და მეცნიერების მიერ ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების გზით.