მინისტრის განცხადებით, ტრიმესტრების ნაცვლად, სკოლებში სასწავლო წელი სემესტრებად დაიყოფა და საქართველოს ყველა სკოლაში ამიერიდან სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. პირველი სემესტრი 24 დეკემბერს დასრულდება. პირველი და მე-12 კლასის მოსწავლები სწავლას 20 მაისს, ხოლო დანარჩენი კლასის მოსწავლეები 15 ივნისს დაამთავრებენ. დიმიტრი შაშკინის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყველა მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოდები უფასოდ გადაეცემა. ხოლო საპილოტე სკოლების 3 000 პირველკლასელი (ბათუმის, ზუგდიდის, წეროვანის, მესტიის ყველა სკოლისა და თბილისისა და ქუთაისის რამდენიმე სკოლის პირველკლასელი) პრეზიდენტისგან საჩუქრად ნეტბუკს მიიღებს. მასში ჩატვირთული სპეციალური სასწავლო თამაშები რაც ბავშვებს ქართულის, ბუნებისა და მათემატიკის საგნების შესწავლაში დაეხმარებათ.
პარალელურად ამოქმედდა ”ბუკის” ვებ.გვერდიც, (www.buki.ge) სადაც ყველა კლასის მოსწავლეებისთვის ჩატვირთულია სახელმძღვანელოებიც და კლასგარეშე ლიტერატურაც. ნეტბუქის ასათვისებლად მასწავლებლებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტრდათ. იმ სკოლების პირველკლასელები, რომლებიც საჩუქრად ნეტბუქს მიიღებენ, ინგლისური ენის შესწავლას პირველივე კლასში დაიწყებენ. თუმცა, მომავალი წლიდან, ნეტბუქს ყველა პირველკლასელი მიიღებს და შესაბამისად, ინგლისურის შესწავლას ყველა პირველკლასელი დაიწყებს.
მინისტრის ინფორმაციით, იცვლება შეფასების სისტემა. ექვსის ნაცვლად ბავშვები სამი კომპონენტით შეფასდებიან. ეს იქნება საშინაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი. შემოდის ახალი საგნები - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება და სპორტის გაკვეთილები. გაიზრდება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საათები; იანვრიდან თბილისის საპილოტე სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ინტეგრირებული სწავლება დაიწყება. სკოლებში აიკრძალება ნაღდი ფულით ვაჭრობა და სასადილოებში ანგარიშსწორება ბარათებით იქნება.
2010 წლის ბოლომდე, ქართველ პედაგოგებთან ერთად საჯარო სკოლებში 1000 ინგლისურენოვანი უცხოელი მასწავლებელი იმუშავებს. თუმცა, პედაგოგთა რიცხვი მომავალი წლიდან გაორმაგდება. უკვე დამტკიცებულია ახალი ჟურნალები, რომელიც მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება განათლების ხარისხის ასამაღლებ ლად და აკადემიური დასწრების ხარისხის გასაკონტროლებლად. ეთიკის კოდექსების საფუძველზე საფუძველზე კი სკოლები შინაგანაწესს შეიმუშავებენ და მისი დაცვა მასწავლებლებისთვის, მოსწავლისთვის და დირექტორისთვის აუცილებელი იქნება.
უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში, ახალი სასწავლო წლიდან თბილისისა და ბათუმის ყველა სკოლაში სერტიფიცირებული მანდატურები შევლენ. წლის ბოლომდე კი ზუგდიდის, რუსთავის, ქუთაისისა და გორის სკოლებს მოიცავენ. სკოლის შიდა და გარე პერიმეტერის გასაკონტროლებლად, ასევე უსაფრთოების ზონების შესაქმნელად, სკოლებში უკვე დამონტაჟებულია ვიდეომონიტორინგის სისტემებიც. სკოლა ვალდებული იქნება ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართოს მშობელიც. თუმცა, მშობელზე, რომელიც ბოროტად აარიდებს თავს შვილის აღზრდას, ადმინისტრაციული კოდექსით გათვასიწინებული საჯარიმო სანქციები დაწესდება.