15 სექტემბერს, პირველად საქართველოში, ერთდროულად ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისის №158 საჯაროს სკოლას ეწვია და სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
პირველმა ლედიმ სკოლა დაათვალიერა და პირველკლასელებს გაესაუბრა. წელს სკოლას 33 პირველკლასელი ჰყავს, სულ 158-ე საჯარო სკოლაში 400- მდე მოსწავლე სწავლობს.
მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმაც: მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი თბილისის №1 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ, მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა თბილისის №24-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე რუსთავის №25 საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.