პირველად საქართველოში, არაქართველი მოსწავლეებისათვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა, სადაც სასწავლო მასალის 35% ქართულ ენაზეა. სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნა VII, VIII, X, XI და XII კლასების ისტორიისა და გეოგრაფიის წიგნები, რომლებიც უფასოდ გადაეცემათ მოსწავლეებს. ბილინგვური სწავლება არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენის შესწავლაში დაეხმარება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მარნეულის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თავად გადასცა ახალი სახელმძღვანელოები.
2010-2011 აკადემიური წლისათვის, სამინისტრო სულ 35, 874 არაქართულენოვან მოსწავლეს უზრუნველყოფს ისტორიისა და გეოგრაფიის ორენოვანი წიგნებით (სულ: 75,895 სახელმძღვანელო). ასევე, არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების ყველა მე-4 კლასის მოსწავლე უსასყიდლოდ მიიღებს “ქართული, როგორც მეორე ენის” სახელმძღვანელოს.
”ქართული ენის პროგრამის” ფარგლებში აღნიშნული ინიციატივისათვის სახელმწიფომ 2010 წლისათვის 600,000 ლარზე მეტი გამოყო. მოსწავლეები წიგნებს თავიანთ სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ. მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა არაქართულენოვანი მოსწავლეები შესძლებენ.