სოფელ ძევერას საჯარო სკოლა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. რეაბილიტაციამდე შენობა სრულიად ამორტიზირებული იყო. აღდგენითი სამუშაოების შედეგად სკოლაში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი, შეიღება კედლები, მოეწყო სველი წერტილები, დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა. ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, სკოლას საკუთარი დენის წყარო აქვს, უახლოეს მომავალში ძევერას სკოლის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტიც.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ ძევერას სკოლას ახალი მერხები, სასკოლო ავეჯი და 15 კომპიუტერი გადაეცა.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში განხორციელდა და ნაწილობრივ აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 2,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხით შეკეთდა და გარემონტდა გორისა და ქარელის რაიონების 16 საჯარო სკოლა. გაწეული სამუშაოების შედეგად დაახლოებით 3 500 მოსწავლის სასწავლო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.