05.10.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრებს შეხვდნენ.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ასამდე პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად აწყობს შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამინისტროსთან არსებულ საზოგადოებრივ დარბაზთან და მრჩევლთა საბჭოსთან. ,,მნიშვნელოვანია, საზოგადოების აქტიური ჩართულობა რეფორმების პროცესში, ამ მხრივ მასწავლებელთა გაერთიანებული პროფკავშირები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.’’ - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, ახალ საგნებზე, შეფასების ახალ სისტემაზე, უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე და სხვა მრავალ სიახლეზე. დიმიტრი შაშკინმა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 -2015 წლების სტრატეგიული გეგმა წარუდგინა.
საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პროფესიული კავშირების გაერთიანებებთან. რეფორმებში მასწავლებლებისა და პროფკავშირების ჩართულობა შედეგზე ორიენტირებული დამოკიდებულებაა.
შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.