საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 11 ოქტომბრიდან დაიწყება პროექტის ,,კომპიუტერი ყველასთვის’’ საპილოტე პროგრამა.
პროექტის მიზანია საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს საშუალება მიეცეს სპეციალურ ფასად შეიძინოს სასურველი კომპიუტერი ან ნოუთბუკი, რომლის ღირებულება ორწლიანი განვადების პირობებში დღეში მხოლოდ ერთიდან ოთხ ლარამდე იქნება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად პროექტს ,,კომპიუტერი ყველასთვის’’ ახორციელებს კორპორაცია ,,ინტელი’’. საქართველოში პროექტის პარტნიორები არიან კომპანიები ,,ალტა’’, ,,ალგორითმი’’ და ,,ტაოპრივატბანკი’’.
,,ტექნოლოგიების საუკუნეში აუცილებელია ახალგაზრდობისთის, სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის კომპიუტერები ხელმისაწვდომი გავხადოთ. კომპიუტერების მოხმარების გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით დადებითად იმოქმედებს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. პროექტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა, ის ასევე წარმატებული იქნება საქართველოშიც’’.- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დღეს ,,რედისონ ბლუ ივერიაში’’ გამართულ ბრიფინგზე.
პროექტის პრეზენტაციისთვის საქართველოში ჩამოვიდა კორპორაცია ,,ინტელის’’ ექსპერტი და კონსულტანტი სახელმწიფო პროექტების დარგში რობერტ ფოგელი.
,,კომპიუტერი ყველასთვის’’ ფარგლებში კომპიუტერები და ნოუთბუკები წარმოდგენილი იქნება ,,ალტასა’’ და ,,ალგორითმის’’ მაღაზიებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 11 ოქტომბერს დაიწყება საპილოტე პროგრამა, ხოლო 22 ოქტომბერს პროექტი ოფიციალურად ამოქმედდება.